რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკის სამხედრო კომისარიატის შენობაში ახალგაზრდა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამხედრო კომისარი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 წლის კაცი რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ მოწინააღმდეგეა. ის დაკავებულია.
სამხედრო კომისარიატში სროლის ფაქტი დაადასტურა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი კომისარი მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება.
21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში კომისარიატების და გაწვევის სხვა პუნქტების დაწვის 20-ზე მეტი ფაქტი მოხდა. 21 სექტემბრიდან დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.