საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს წერილი გადასცა, რომლითაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
როგორც მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნა, მანამ, სანამ ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება და ნიკა გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება.
,,მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი, ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინწინ ზეაღმატებული ფორმით. მეორე იყო ამ წერილზე პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით. მესამე, ჩემი აზრით, არის პოლიტპატიმრების გამოშვება.
კიდევ 3 დღეა 24 რიცხვამდე, თუ სააკაშვილს გაუშვებენ სამკურნალოდ და გვარამიას გამოუშვებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. მე არ ვიცი გვარამიას მანქანის არასწორ მოხმარებაზე საპყრობილეში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის მიერ შედგენილ გზავნილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. მათ შორის არიან: მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.
მიმართვას არ უერთდებიან მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და “ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო პერიოდში არჩეული პარლამენტის თავმჯდომარეები.