რუსეთიდან დევნილ ბლოგერს ინსა ოგუზს საქართველოში არ უშვებენ.
რამდენიმე დღეა ინსა ოგუზი ლარსის გამშვებ პუნქტზე, ნეიტრალურ ზონაში რჩება. რუსი ბლოგერისთვის უარის მიზეზები არ განუმარტავთ, ის ამბობს, რომ რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოექცა და მისი უკან დაბრუნება სასიკვდილო განაჩენი იქნება.
მასზე განცხადება ფონდ “თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელმა, იგორ კუროპტევმა გააკეთა.
,,ინსა ოგუზი, რომელიც შიდა პატიმრობიდან გამოიქცა და რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა, საქართველოში არ შემოუშვეს, უკვე მეხუთე დღეა ის ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრობს საქართველოს საზღვარზე, მას არ აქვს საკვები და სასმელი. მივმართეთ საგარეო უწყებას, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. გუშინ მასთან ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელიც იყო ჩასული, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა.
თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იყოს, მაშინ გაუგებარია, რატომ ექცევა საქართველოს ხელისუფლება ასე იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს გამოექცნენ”, – თქვა მან.
მისივე თქმით, ბლოგერი თავის რეგიონში მაღალჩინოსნებთან დაკავშიებულ საქმეებს იძიებს, რის გამოც მას ახლა ტერორისტებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს და დაპატიმრებას უპირებენ.
ოპოზიციური არხის “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ამბობს, რომ იგივე პრობლემა საზღვარზე მის ჟურნალისტებსაც ექმნებათ. კოტრიკაძის თქმით, ეს სიგნალია ოპოზიციური ჟურნალისტებისთვის, რომ საქართველოს არ სურს ისინი აქ იყვნენ.