,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები – საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
მისი თქმით, კრიმინალები პოლიტიკაში დამაზიანებელია დემოკრატიული სისტემისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ეს ადამიანები ეწევიან აგიტაციას იმისთვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„საქართველოში არ არის არცერთი პოლიტპატიმარი და ეს ყველამ იცის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან კრიმინალები პოლიტიკაში, ამას მიჩვეული ვართ. ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, ეს არის მოცემულობა. მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ოპოზიციურ სპექტრში არ იყვნენ კრიმინალები წარმოდგენილი. ის, რომ კრიმინალები არიან ოპოზიციაში ბევრ რამეს აფერხებს ქვეყანაში. ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პირდაპირ აანონსებენ რაღაცებს, მათ შორის, პროტესტს და ა. შ. მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენს ქვეყანას გადამწყვეტ ზიანს ვერ მიაყენებენ, რადგან ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე, ასევე, 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტის ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო ინსტიტუტის დაზიანებას სცადა, თუმცა ამით პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა.
,,ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის, ბუნებრივია, სერიოზული პრობლემა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს,”-ამბობს ირაკლი კობახიძე.