უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პარლამენტს მიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუს აუდიტორიას აჩვევენ იმ ფაქტს, რომ მეზობლების წინააღმდეგ ომი ნორმად ითვლება.
მისი თქმით, უკრაინაში სიტუაცია მძიმეა, მანამდე არსებულმა უსაფრთხოების სისტემამ ვერ იმუშავა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ რუსეთის შემოჭრის შეჩერება.
,,არც ერთი ორგანიზაცია არაა დარწმუნებული, რომ დაცვა რეალური იქნება. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურიდან ახლა მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი, იგივე ნანგრევები, რაც რუსული რაკეტებითა და თვითმფრინავებით დაბომბილი უკრაინის ქალაქებიდანაა დარჩენილი. ნახევარი მილიონი უკრაინელი დეპორტირებულია რუსეთში და გადაყვანილია შორეულ რეგიონებში. უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ ყველა სახის საჰაერო ბომბს, მათ შორის ფოსფორის ბომბებს, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია. ეს არის აშკარა ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთის ხელმძღვანელობას არ სჯერა, რომ მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსკოვს ევროპელებში განხეთქილების იმედი აქვს და ასევე იმ ფაქტის, რომ ისინი უკრაინელი ხალხის გადარჩენას ვაჭრობას ამჯობინებენ,”-აცხადებს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონელებს მიმართვის დროს მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარებისთვის, რუსულ ენერგო რესურსებზე უარის თქმისთვის და მიგრანტების მიღებისთვის.