ქუთაისელმა მევიოლინემ გვანცა ბუცხრიკიძემ Manhattan school of music-ში სწავლის გასაგრძელებლად 60%-იანი დაფინანსება მოიპოვა.
ის 4 წლის განმავლობაში ბაკალავრიატზე, საორკესტრო განყოფილების მიმართულებით, მევიოლინის სპეციალობაზე ისწავლის. საორკესტრო მიმართულების დაფინანსებულ სტუდენტებს შორის გვანცა პირველ ადგილზეა.
აშშ-ში სწავლის გაგრძელების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც კონკურში american protege გაიმარჯვა და კარნეგი ჰოლში კონცერტზე მიიწვიეს. ამბობს, რომ ამერიკამ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და მალევე გაუჩნდა სურვილი პროფესიული განვითარებისთვის ბედი საოცნებო ქვეყნაში ეცადა. დიდი სურვილის მიუხედავად უამრავი დაბრკოლება შეხვდა. როცა სასწავლებელში საკუთარი მონაცემები გადააგზავნა, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე მეორე ტურში გადასვლასაც არ ელოდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა. ჯერ მეორე ტურში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეულ შემსრულებლებთან ერთად გადავიდა, შემდეგ კი უნივერსიტეტში დაფინანსებით ჩაირიცხა. გვანცა ემოციურად ისხენებს იმ წუთებს, როცა გაიგო, რომ მისი ოცნება რეალობად იქცეოდა და სასურველი უნივერსიტეტის კარი მალე მისთვისაც გაიღებოდა.
,,31 მარტს, ღამის სამ საათზე, მეილზე მოვიდა შეტყობინება, რომ პასუხი დაიდო. იმდენად დაბნეული ვვიყავი, არ ვიცოდი გამეხსნა თუ არა. ვიფიქრე გათენებამდე მოვიცდი მეთქი, მაგრამ ვერ მოვითმინე. ეწერა: ,,გილოცავთ, თქვენ მიღებული ხართ…’’ და კითხვა ვეღარ გავაგრძელე. სუნთქვა შემეკრა…შემდეგ როცა ვნახე, რომ თან დაფინანსებაც მოვიპოვე, ეს უდიდესი ემოცია იყო. 60%-იანი დაფინანსება მაქვს, იმედი მაქვს კულტურის და განათლების სამინისტრო დარჩენილ 40%-ს დააფინანსებს, რათა სწავლის გაგრძელება შევძლო,’’-ამბობს გვანცა.
გვანცა ამჟამად ე. მიქელაძის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლობს. 12 წელია უკრავს. ვიოლინომ მცირე ასაკიდან დააინტერესა. როგორც ამბობს, ინსტრუმენტთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რადგან ბავშვობიდან ერთად მოდიან.
,,7 წლის ვიყავი, როცა ლიზა ბათიაშვილის გამოსვლას ვუყურებდი და ეს კონცერტი იმდენად ღრმად ჩაიბეჭდა ჩემში, რომ არ მოვისვენე, სანამ მშობლებს თავი ვიოლინოზე არ შევაყვანინე. მას შემდეგ ინსტრუმენტთან ერთად ვიზრდები, მუსიკა ჩემთვის ჰაერივითაა, ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია მის გარეშე,’’-ამბობს ახალგაზრდა მევიოლინე.
გვანცა ამბობს, უცხო ქვეყანაში წასვლა და დამოუკიდებელ ცხოვრებასთან დაკავშირებული სირთულეები ცოტა აშინებს, მაგრამ საკუთარი საქმის სიყვარული აძლევს ძალას, რათა ყველა ყველა გამოწვევა დაძლიოს და ყველა იმ ადამიანის იმედი გაამართლოს, ვინც წლების განმავლობაში მის გვერდით იდგა. სწავლის დასრულების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. აქვს მიზანი საკუთარ ქვეყნაში შექმნას ფონდი, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში დაეხმარება.