,,სტრატეგია აღმაშენებლის” თანადამფუძნებელს, გია თევდორაძეს კომპანია ,,ევროკრედიტმა” მომსახურებაზე უარი იმის გამო უთხრა, რომ ის პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაა.

გია თევდორაძის თქმით, ევროკრედიტში უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხის კონვენტირებისთვის შევიდა, მისი პირადობის და მობილური ნომრის დაფიქსირების შემდეგ კი უთხრეს, რომ ვერ მოემსახურებოდნენ, რადგან პოლიტიკურად აქტიურ პირთა ბაზაშია შეყვანილი.

,,თავიდან ხუმრობა მეგონა. ყურებს არ ვუჯერებდი. მერე რამდენჯერმე გავამეორებინე და იგივე მითხრა. უფროსის ნომერიც გამოვართვი, ვინმე რატი გუბელაძის და იგივე პასუხი მივიღე. ვკითხე ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც ხომ პოლიტიკურად აქტიური პიროვნებები არიან და ისინი რომ შემოვიდნენ, არც მათ მოემსახურებითთქო? თავიდან შეყოვნდა და შემდეგ მითხრა არაო. ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზეც დავრეკე და მითხრეს, რომ ამგვარი რეგულაცია არ აქვთ და საკითხის მოკვლევას დამპირდნენ. ის, რაც დღეს მოხდა, არის დიაკრიმინაცია. არ მგონია ეს ევროკრედიტის ინიციატივა იყოს, ვფიქრობ, სახელმწიფო დავალებაა,”-ამბობს გია თევდორაძე.

გია თევდორაძე არ გამორიცხავს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს. ის ამბობს, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით სეგრეგირება დაუშვებელია და ის საზოგადოებაში ნორმად არ უნდა იქცეს.

აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. 142-ე მუხლის მიხედვით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *