,,თავისუფლება მიშას,, – ამ ლოზუნგით ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევენ და სოლიდარობსს უცხადებენ მას. მათი თქმით, ეროვნული შერიგებისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზა ახლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის.
,,გვინდა ხელისუფლებას ხალხის ხმა მივაწვდინოთ, ხალხი მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას ითხოვს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ის სიძულვილი, რასაც ხელისუფლება თესავს და მივაღწიოთ ეროვნულ შერიგებას, უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, რათა ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე გადავიდეს,”-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია.
,, გვინდა სიმშვიდე, გვინდა, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაათავისუფლონ. მთავრობამ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ბავშვები საჭმელს ურნებში ეძებენ. ეს უნდა დასრულდეს. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს,”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნარგიზა გოგლიჩაძე.
აქციის მონაწილეები ასევე უნდობლობას უცხადებენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებს, არალეგიტიმურად მიიჩნევენ მას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.