დღეს ქუთაისში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან 14:30 საათზე შეიკრიბებიან.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგა შუშანია ამბობს, რომ აქციის გამართვის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაა.
“მოთხოვნები უცვლელია, ესაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. ის რეალობა, რაც დადგა ქუთაისის საკრებულოში, ამ პროპორციით არ ასახავს ჩვენი თანაქალაქელების განწყობას, შესაბამისად, არ ვაპირებთ შევეგუოთ გაყალბებას” , – ამბობს გიგა შუშანია.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს, 9 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება.
სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება.
ამის შესახებ, გუშინ მისივე წერილიდან გახდა ცნობილი. მისი განცხადებით, 9 დეკემბერს სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.