დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ექსპრეზიდენტის უსაფრთხოება.
როგორც კახა კალაძე ამბობს, აღნიშნული დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით და აქვს დიდი გამოცდილება როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს.
,,ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს,’’-ამბობს კახა კალაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაიცვას. 17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.