დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის გასაფართოებლად აგრესიულ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებენ,
რომელიც, დაახლოებით, იმ რანგში იქნება, როგორც წინასაარჩევნო საკომუნიკაციო კამპანია.
„საბჭოზე იყო განხილვა ვაქცინაციის შემდგომი ღონისძიებების ხელშეწყობის შესახებ. იქნება ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის ხოლმე; მეორე – იქნება გარკვეული წახალისებები, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკში და სასოფლო დასახლებებში მყოფი ადამიანების და მეორე მხრივ, ქალაქებში მყოფ აცრილებთან მიმართებაში. ასევე განვიხილეთ მწვანე პასპორტის კონცეფცია დეტალებით, რომელმაც აცრებს სტიმული უნდა გაუკეთოს, რათა აცრილებს დისკომფორტი არ შეექმნათ სხვადასხვა დაწესებულებებში სტუმრობისას. კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და ვფიქრობთ, ხვალ ან ზეგ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ამასთან ერთად, გაგრძელდება მარათონი, ოღონდ შედარებით სახეცვლილი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ვაქცინაციის შემდგომი ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე ღონისძიება განიხილა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მათ შორის, საბჭოსთვის შეთავაზებულია ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია; სამ რეგიონში, სადაც აცრის მაჩვენებელი 60%-ს უახლოვდება, დამატებითი სტიმულის გამოყენება; ხოლო 10 დიდ ქალაქში – პარასკევი-შაბათი-კვირის აქციები, სადაც მოსახლეობას ღია სივრცეში კონცერტებსაც შესთავაზებენ.
,,ქვეყნის 10 დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი) სადაც მოსახლეობის 2/3-ზე მეტი ცხოვრობს, დაიწყოს სახეცვლილი მარათონის ე.წ. პარასკევი, შაბათ-კვირის ინტენსიური აცრების, მასობრივი აცრების აქციები. ადამიანებისთვის კომფორტული გარემო უნდა შევქმნათ, შეიძლება იყოს ღია სივრცეში კონცერტი, შეიძლება იყოს გამორჩეული სახეების მოწოდებები და გამოსვლები. მათ შორის, დღეს ქალბატონი პრეზიდენტი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას და მან გამოთქვა სურვილი რეგიონებში აქტიური მოგზაურობის და აცრების ადვოკატირებისა და პრომოციის, ასევე ქვეყნის პირველი პირებიც ჩაერთვებიან,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. აცრის მსურველებს არჩევანის გაკეთება ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებს შორის შეუძლიათ. 4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 1 990 501 ადამიანი, დღიურად აცრილია — 3 469.