30 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ მობილიზებული შეხვდება.
ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც.
გარდა ამისა, გამოყოფილია სპეციალური ნომერი 577 35 51 51, სადაც ყველა შტაბს შეუძლია დაკავშირება და ობიექტური ინფორმაციის მიღება.
,,სამწუხაროა, რომ 3600 საარჩევნო უბნიდან 3-4 უბანზე ელექტროენერგიის ავარიული წყვეტის შემთხვევა, ფასდება ორგანიზებულ მოქმედებად, რასაც კომპანია კატეგორიულად გამორიცხავს. ,,ენერგო–პრო ჯორჯიას” სადისტრიბუციო ქსელი 55 000 კილომეტრს აღემატება და ამ მასშტაბის და სირთულის ინფრასტრუქტურის ოპერირებისას ავარიული გათიშვების გამორიცხვა, თეორიულადაც შეუძლებელია. კომპანიის მიზანია ასეთ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება“ – აღნიშნავენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
ასევე აღსანიშნავია, რომ არაერთ შემთხვევაში ელექტროენერგიის წყვეტა უკავშირდება საარჩევნო უბნის შიდა ქსელის დაზიანებას. აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობას, თუმცა როგორც წინა, ასევე მომავალი არჩევნების დროს ასეთი შემთხვევების დაფიქსირებისას კომპანია, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად აღმოუჩენს დახმარებას უბნის ადმინისტრაციას.
კომპანიის პასუხისმგებელი პირებს მჭიდრო კავშირი აქვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაა“ მთავარი დისპეტჩერიც პირდაპირ კავშირზე იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებლთან. თუ უამინიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო რომელიმე უბანზე მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი.