,,არა მიშას’’, ,,არა ნაცებს’’ –
ამ ლოზუნგებით თბილისში დაგეგმილ ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისიდან ავტოკოლონა მიემართება. აქციის მონაწილეები თავდაპირველად სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. როგორც ისინი ამბობენ, აქციაზე იმის გამო მიდიან, რომ ქვეყანაში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ რეჟიმი სამუდამოდ დასრულდეს.
,,მივდივარ აქციაზე, რათა ჩვენს ქვეყანას ვუშველო, სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ნაციონალები. მივდივარ, რათა საქართველოს მივცე ხმა,’’-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
,,დაახლოებით, 5-6 ათასი ადამიანი მიდის დღეს აქციაზე. ეს არის ,,ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქცია. გვყავს ბევრი მხარდამჭერი, დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ,’’-აცხადებს ,,ქართული ოცნების’’ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე, გია ბასილაძე.
აქცია 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს იქნება მმართველი გუნდის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა.