ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ უწყებათშორის საბჭოს ამ ეტაპზე რეგულაციების დაწესება გამოსავლად არ მიაჩნია.
გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე გამოსავალი არსებული შეზღუდვების მაქსიმალურად აღსრულებაა და დაწესებულ რეგულაციებზე მკაცრი კონტროლი განხორციელდება.
“საბჭოს პოზიცია არის ის, რომ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს. ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში – 47%-ზე ვართ ასული და ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი დაწესებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რომ ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებელი არის მაქსიმალური – 47 ათასამდე და როგორ აპირებს მთავრობა ამის შეჩერებას, გაბუნია პასუხობს, რომ გამოსავალი არსებული ბაზისური რეგულაციების აღსრულებაშია.
“ამ შემთხვევაში, განსხვავებული მეცნიერებამ ვერაფერი მოიფიქრა. მიმდინარე პერიოდში აქცენტი იქნება რეგულაციების დაცვაზე და აღსრულების ნაწილთან ერთად, თავად მოქალაქეებმა ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ. ასევე საჭიროა ვაქცინაციის გაგრძელება. ყველას გვესმის, რომ ვაქცინაციის ის ტემპი, რომელიც ახლა გვაქვს, სასურველი არ არის, მაგრამ არსებობს რესურსი, რომ მოსახლეობის დამატებითი მობილიზება მოხდეს. კარდაკარ პრინციპით ვხედავთ, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა იზრდება და ვფიქრობთ, ეს პროცესი მეტ ძალას შეიძენს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ფოტო: საქართველოს მთავრობა