ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი, 37 წლის კაცი, ჯერჯერობით კვლავ რეანიმაციაში რჩება.
კლინიკა “მედცენტრში”, ადასტურებენ, რომ ნარჩუნდება დადებითი დინამიკა.
“სტაბილურად მძიმეა, რჩება რეანიმაციაში, თუმცა ძალიან ბევრი პარამეტრი გამოვასწორეთ, გვაქვს დადებითი დინამიკა, მაგრამ პაციენტი მაინც საყურადღებოა და რჩება რეანიმაციაში რამდენიმე დღე,” – ამბობს კლინიკა “მედცენტრის” დირექტორი, დეა ქაჯაია.
37 წლის მამაკაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა. იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს. მისი მდგომარეობა თავიდან მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა განაცხადეს, რომ აღინიშნება დადებითი დინამიკა, პაციენტი მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, იგი კონტაქტურია და ასრულებს ექიმის დავალებებს.