“საჭიროა მოინახოს სხვა საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ”, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე “ნამახვანჰესზე”.
თბილისის მერმა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის მხრიდან საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა ჟურნალისტებთან შეაფასა.
კალაძის თქმით, ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე უარს ამბობს.
ის ამბობს, რომ ენერგეტიკული მიმართულებით მასშტაბური პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანაში არსებული რესურსები რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული.
“ჩემი მინისტრობის დროს, ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, მეამაყება ის განვლილი წლები,– ამბობს კალაძე.
“ზოგადად, ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი აქვს, რომ ენერგეტიკული მიმართულებით ვიყოთ დამოუკიდებლები და არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. ჩემი მინისტრობის დროს, ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ასევე ქარის ელექტროსადგური და თბოელექტროსადგური. ნამდვილად მეამაყება ის განვლილი წლები.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება რაციონალურად იქნეს გამოყენებული ის წყლის რესურსი, რომელიც სიმდიდრის სახით გააჩნია ამ ქვეყანას. როდესაც ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება.
ეკონომიკის განვითარებას აუცილებლად უნდა დავაწიოთ ენერგეტიკული განვითარება, თორემ მომავალი წლების განმავლობაში შეიძლება 12 თვის განმავლობაში ვიყოთ შემოტანილ ენერგიაზე, რაც ძალიან ცუდია, ეს პირადაპირ აისახება ჩემს და თქვენ ჯიბეზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე (ტარიფებს ვგულისხმობ). რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია უნდა ავითვისოთ სწორად და რაციონალურად, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელზე”, – თბილისი მერი, კახა კალაძე.