“ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა

“დიდი პასუხისმგებლობით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატებს თითოეულ ქალაქში, თითოეულ მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ყველა არჩეული მერი მოემსახუროს და ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, ქალაქს, მუნიციპალიტეტს და ხალხს. ასეთი კაცი შევარჩიეთ ქუთაისისთვის, ამ ულამაზესი ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრისთვის, ბატონი იოსებ ხახალეიშვილი. კაცი, რომელსაც მთელი ქუთაისი იცნობს, რომელიც ღირსეული ქუთაისელია და რომელიც ღირსეულად ემსახურება თავის ულამაზეს ქალაქს, აქვს დიდი გამოცდილება. მუშაობდა მანამდე გუბერნატორის მოადგილედ, შემდეგ, ახლა არის ქალაქის მერი და ღრმად ვარ დარწმუნებული, იგი წარმატებით გააგრძელებს ქუთაისის მერის თანამდებობაზე მუშაობას და მოგემსახურებათ თქვენ, ქუთაისელებო”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას.

პრემიერ მინისტრის თქმით, მერმა მოქალაქეებს ყველგან – ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ადგილზე უნდა გადაუწყვიტოს და მოუგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია.
ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და პროგრესი. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობის და სიღარიბის დამარცხება. ჩვენ შეგვიძლია ინტენსიური, ძლიერი მუშაობით 10 წელიწადში მთლიანად გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა და ვაქციოთ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ.” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *