“ეს წინაპირობები, რაც დაისახა, იძლევა საშუალებას, მოხდეს
ვითარების ნორმალიზაცია, რომ ეს პროექტი იყოს გაუმჯობესებული ფორმით და ერგებოდეს ქვეყნის ინტერესებს”- ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითხზე ევროკავშირის ჩართულობით გამართული შეხვედრა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეაფასა. მისი თქმით, გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ ხეობაში პროცესების დეესკალაცია უნდა მოხდეს. თურნავას განმარტებით, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და აქტივისტებმაც უნდა აიღონ, რომ მათი პროტესტი იქნება მშვიდობიან ფორმებში.
“უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ კომპანიას, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა. ასევე მათ თანამშრომლებს არ შეექმნება პრობლემა, ეს არის 300-მდე ადგილობრივი,”-განაცხადა თურნავამ.
თურნავას თქმით, მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერების მოთხოვნა შეხვედრაზე გაზიარებული არ ყოფილა.
“მოსამზადებელ სამუშაოებს გარემოსდაცვით საკითხებზე არსებითი გავლენა არ აქვს. კომპანიას გააჩნია ამის ნებართვა. მისი დასაბუთების გარეშე შეწყვეტა არის საინვესტიციო გარემოს დაზიანება და ინვესტორის უფლებების შელახვა, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ,”-თქვა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, დატოვებს თუ არა პოლიცია ხეობას.
“მკაფიოდ იქნა ნათქვამი, რომ პოლიციის ქმედებები უნდა იყოს დამოკიდებული იმ ანალიზზე, რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო. პოლიციას არ უხარია იქ დამატებითი ძალებით ყოფნა. პოლიციის ერთადერთი ამოცანაა, რომ იყოს მშვიდობა და არ მოხდეს კონფლიქტი. თუ გვექნება წინასწარი საჯარო დაპირება, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიის ხელის შეშლა და მისი აქტივის დაზიანება, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება,”-განაცხადა ნათია თურნავამ.
მოლაპარაკებები 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ხეობის “მცველები” საბოლოო პასუხს 18 ივნისამდე ელოდებიან.