ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რიონის

ხეობის “მცველების” პროტესტს ეხმაურება. თურნავა ამბობს, რომ ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, მათ შორის განსაკუთრებით მიუღებელია მოწოდება პიკეტირებისა და პარალიზებისაკენ.

“ულტიმატუმები და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა დეტალი, რაც შეეხება პროექტს. ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მიმართ. განსაკუთრებით მიუღებელია მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ. კოვიდმა წელიწად-ნახევარი ისედაც პარალიზება გამოიწვია. ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამუშავდეს ტრანსპორტი, ამუშავდეს მაღაზიები, გაიხსნას ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, 12 თვიანი მორატორიუმის ფარგლებში ნამოხვანი გახდება სრულყოფილი პროექტი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,”-განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, თუ რას ფიქრობდა მისი გადადგომის მოთხოვნის შესახებ.

“მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს, არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი არ იყოს ძალიან სტრატეგიული ჩვენთვის, მე აქ თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი და ეს უნდა მოხდეს სწორ ფორმატში, შეუძლებელია ამაზე ქუჩის რეჟიმში საუბარი,”-თქვა თურნავამ.

რიონის ხეობის “მცველებმა” თბილისში საპროტესტო აქცია გუშინ გამართეს. დღეს ისინი მათს მოთხოვნებზე ხელისუფლების პასუხებს ელოდებოდნენ, რის შემდეგაც გეგმებს გაასაჯაროვებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *