რიონის ხეობის მცველებმა პროტესტის 209-ე ღამე
თბილისში გაათენეს. მათ კარვები რესპუბლიკის მოედანზე ჰქონდათ გაშლილი. აქციის მონაწილეების მიერ ხელისუფლებისათვის მიცემული დრო 1 საათში იწურება. 12 საათამდე რიონის ხეობის “მცველები” კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ გამოსვლებს გეგმავენ. მათი თქმით, მოეწყობა მსვლელობა და მოხდება ქალაქის პარალიზება.
“ეს ბრძოლა ყველასია. დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებ შემოგვიერთდნენ. ახლა შევიკრიბებით მოედანზე და გავაკეთებთ პიკეტირებას. ჩვენ ვიმოქმედებთ და არ გავჩერდებით მანამ, სანამ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. რიონის ხეობის “მცველებმა” მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. აქტივისტები მოითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ყველა ხელშეკრულება, გადადგეს და პასუხისმგებლობაში მიეცეს ნათია თურნავა, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, გამოცხადდეს მორატორიუმი.