ქვეყანაში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან
დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.
“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში განმავლობაში, სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრ აღსრულებას.
უწყებათა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება.
“ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე,” – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.