ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ ხელისუფლება

დიალოგის გასაგრძელებლად მზადაა. მისი თქმით, მოთხოვნები, რომლებიც “რიონის ხეობის მცველებმა” მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დააყენეს, პრემიერ მინისტრის დონეზე განიხილება. ზაზა ლომინაძემ მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრებს მიწის გადაცემის საკითხზეც ესაუბრა. ის ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ინვესტორისთვის მიწის უფრო მცირე ხნით გადაცემა.

“ჩემი პირადი აზრია, რომ 99 წლის ნაცვლად, შეიძლება, ჩაწერილიყო 49 წელი, ისე, როგორც სხვა ჰესების შემთხვევაში და პირობების შესრულების შემთხვევაში, შემდგომ გაგვეგრძელებინა, თუ ამას საქმე მოითხოვდა”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

“რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია და მათი შერბილება არ განიხილება.

“ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ამ მოთხოვნების შერბილება არ მოხდება. ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე არ ვართ თანახმა.”– განაცხადა მირზა ნოზაძემ.

“რიონის ხეობის მცველები” ამბობენ, რომ როგორც ლომინაძისგან შეიტყვეს, მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე პრემიერ მინისტრის პასუხი პარასკევისთვის იქნება ცნობილი.

15 აპრილს “რიონის ხეობის მცველები” მთავრობის წარმომადგენლებს ქუთაისის მერიაში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი, სამომავლო დიალოგის ფორმატის განსაზღვრა იყო.

“მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრებმა მთავრობის წარმომადგენლების წინაშე სამი საკითხი დააყენეს: შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა მათ მიმართ და გაიხსნას რიონის ხეობის შესასვლელი, შეჩერდეს ჰესის სამშენებლო სამუშაოები და მიეცეთ სოფ. ნამოხვანში პროტესტის გაგრძელების საშუალება.

“რიონის ხეობის მცველების” საპროტესტო აქციები სოფელ გუმათთან გრძელდება.

მათ 174 ღამე გაათიეს კარვებში. საპროტესტო აქციას ყოველ დღე უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადობის წევრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *