შინაგან საქმეთა სამინისტრო გოგი წულაიას დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ წულაიას დაკავება თბილისში მოხდა. მას ძალადობას ედავებიან.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა,”-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებითაც შსს-მ პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავა, რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში ყვება, რომ გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მასზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. მისივე თქმით, პოლიტიკოსს წლებია იცნობს და გოგი წულაიამ ორი დღის წინ მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით თბილისში გაყოლა სთხოვა.
,,ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, ამიტომ ცუდი არაფერი მიფიქრია, როცა მითხრა, გამომყევიო. მერე კომენდატის საათი მოდიოდა და ნათესავებთან ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გოგი მითხრა აქ არის ბინა და დარჩიო. მეც პრობლემა ვერ დავინახე ამაში, მითუმეტეს როცა მე მისი შვილების თანატოლი ვარ. ბინაში მან დალია, ცოტა მოწია და უნდოდა ჩემზე სექსუალურად ეძალადა, რის უფლებაც არ მივეცი და პოლიცია გამოვიძახე. ხელები, კისერი სულ დალურჯებული მაქვს. ვფიქრობ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გოგი წულაია ქალზე ძალადობს,’’-ამბობს ასმათ დვალიშვილი.
გოგი წულაია ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს’’ ინგოროყვას პრესსამსახურში განუცხადეს, გოგი წულაიამ საავადმყოფო შემოსვლისთანავე დატოვა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყო.
შსს-მ გოგი წულაია გვიან ღამით დააკავა. ამ დროისთვის ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.