სამტრედიაში, ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ოპერატორს, აჩი გაბრიჭიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის მიზეზი სამტრედიაში, ,,ქართული ოცნების’’ შტაბთან, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ფორმულას გადამღები ჯგუფის გამოჩენა გახდა. ,,ფორმულას’’ ჟურნალისტის, ეკა ფხაკაძის ინფორმაციით, იმის გასარკვევად, რატომ იყო ხალხი შტაბთან შეკრებილი, გადამღებმა ჯგუფმა ოფისში შესვლა დააპირა, რის უფლებაც მათ ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტებმა არ მისცეს.
,,ჩემს ოპერატორს ზურგში და ფეხებში უტყამდნენ, სპეციალურად დადგნენ კამერის უკან, რომ მათი სახეები არ გადაგვეღო. იქ ბევრი საჯარო მოხელე იყო, მათ შორის, სამტრედიის მერიის ერთ-ერთი ააიპის თანამშრომელი და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელიც შედარებით კორექტული იყო და მოგვიწოდებდა ტერიტორია დაგვეტოვებინა. მომხდარის შესახებ სამტრედიაში ,,ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს ვაცნობეთ, მან კი გვითხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ,,ქართული ოცნება” საარჩევნოდ ფულს არიგებს. თუ რაიმე კანონდარღვევას არ აქვს ადგილი, მაშინ რატომ არ გვიშვებდნენ ოფისში?-ამბობს ეკა ფხაკაძე.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ოპერატორს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება. ეკა ფხაკაძის თქმით, დაპირისპირების დროს აპარატურა არ დაზიანებულა.