საარჩევნო სააგიტაციო ბეჭდვითი მასალების ხე-ნარგავებსა და გარე განათების ბოძებზე განთავსება აიკრძალა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, სარჩევნო ბანერებისა და პლაკატების გასაკრავად აკრძალულ ადგილებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შენობა-ნაგებობები და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობა-ნაგებობაც ემატება.
ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მედიას ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი გიორგაძემ მიაწოდა. მისი თქმით, 2017 წლის დადგენილების მიხედვით, გამოყოფილი იყო ადგილები, სადაც აკრძალულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება.
„ ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ ამ დადგენილებაში და ახალი შენობა-ნაგებობები დავამატეთ აკრძალულ ადგილებს. დადგენილებაში ასევე წარმოდგენილი იყო იმ ადგილების სია, სადაც შესაძლებელია საარჩევნო ბანერების განთავსება. ამ ადგილებიდან ორი დროთა განმავლობაში დაზიანდა, ამიტომ ორი დავამატეთ. ესენია: ახალგაზრდობის გამზირზე საავადმყოფოდან გამზირის მიმართულებით არსებული კედელი და მე-12 სკოლიდან სადგურის მოედნისკენ არსებული კედელი“-ამბობს ირაკლი გიორგაძე. მისი თქმით, 2017 წლის დადგენილებით, კედელზე მაქსიმუმ 4 ბანერის განთავსება იყო შესაძლებელი, დამატებული ადგილებით კი რაოდენობა უკვე აღარ არის შეზღუდული.
ირაკლი გიორგაძის თქმით, აკრძალულ ადგილებში ბანერების განთავსება სანქციებს ითვალისწინებს. კანონის დაცვას მონიტორინგს მერიის ზედამხედველობის სამსახური გაუწევს.