აბიტურიენტებს შესაძლოა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მისცენ. როგორც
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ,,დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოს დღეებში გაახმოვანებენ. მისივე თქმით, უკვე შექმნილია გამჭვირვალე ბარიერებით აღჭურვილი მაგიდები, რაც შესაძლოა დისტანციის დასაცავად საკმარისი აღმოჩნდეს.
,,მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და გარკვეულწილად შენიშვნებიც მივიღეთ. განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერებით აღჭურვილი მაგიდები. ამიტომ, იქ სადაც უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, მიდის მსჯელობა იმაზე რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშავოს პირბადის გარეშე ამ დღეებში გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან დაკავშირებით და რათქმაუნდა შევატყობინებთ.”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ვენტილაციის სისტემას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე პირბადით დაშვება გააპროტესტეს. როგორც როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პირბადეები სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
ფილტვებში ახდენს ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და CO- ს გაზრდას. რაც ნერვიულობის ფონზე დაახლოებით 50% ამცირებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას.
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ამ დროისათვის გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, აბიტურიებტებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.