ჯანდაცვის სამინისტრო იმ პირებზე, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის

მიზნით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საავადმყოფო ფურცლის ტოლფას ცნობას გასცემს. აღნიშნული დოკუმენტი დამსაქმებლებისთვის ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება და შესაბამისად დასაქმებულ ადამიანებს სრულად აუნაზღაურდებათ გაცდენილი სამუშაო დღეები.

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განმარტებით, ცნობის გაცემა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მოხდება.

“მოგეხსენებათ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ხორციელდება ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იგულისხმება, როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეებში მოთავსება. ვინაიდან ამ პირებს შორის არის ბევრი დასაქმებული და ექმნებათ გარკვეული პრობლემები, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური. სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცეთ ეს ცნობა,”-განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *