ქუთაისის საერთაშორისო აეროპორში კორონავირუსზე მგზავრების შემოწმება მიმდინარეობს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ. მათი თქმით, ამ დრომდე ვირუსი არ დაფიქსირებულა.
“აეროპორტში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ვავლენთ, ხომ არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ასევე, განვუმარტავთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ჯერ არც ერთ მგზავრზე ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ დაფიქსირებულა. შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა, ვცდილობთ, ყველა მგზავრი დავარწმუნოთ მის საჭიროებაში,”-ამბობს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგრ მედდა, იამზე ჩაფიჩაძე.
“პოლონეთიდან ვარ. შევავსეთ სპეციალური ფორმა, ზოგ ჩვენგანს გაუზომეს ტემპერატურა. გვითხრეს, რომ სერიოზული არაფერი იყო. საფრთხე არ დაფიქსირებულა,”-ამბობს პოლონელი მგზავრი.
აეროპორტში ვირუსზე შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მგზავრებს დისტანციური თერმომეტრით ამოწმებენ და პირად მონაცემებს იწერენ. ვირუსის სავარაუდო სიმტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრს აეროპორტის უკანა შესასვლელიდან გაიყვანენ და საავადმყოფოში გადაიყვანენ.