2019 წელს ტყიბულში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მერია აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, დაგეგმილი 143 ინფრასტრუქტურული პროექტიდან უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია. მოწესრიგდა შიდა სასოფლო გზები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავები, განხორციელდა ლიფტების, ქალაქის 43 ქუჩაზე გარე განათების ქსელის, საბავშვო ბაღების, გელათის მონასტერთან მისასვლელი ე. წ. ,,დავითის გზის”, ამბულატორიების, საყრდენი კედლებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
,,მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა განახორციელა და არსებული სამუშაოები დაათვალიერა. თემურ ჩუბინიძე სოფელ გელათში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტით განსაზღვრულია ორ ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. პროექტის ღირებულება 298 420 ლარია.
მოგვიანებით მერი, რუსთაველის ქუჩაზე მდინარე ,,ტყიბულა”-ს კალაპოტის გასწვრივ, 377 გრძ/მეტრზე დაზიანებული საყრდენი კედელის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტის ღირებულება 141 268 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში გაუმჯობესდება საყრდენი კედლის კონსტრუქციული მდგრადობა და ვიზუალური მხარე. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე ხორციელდება მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა და ორპირი-სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 15, 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, დაწყებულია პროცესი #2 საჯარო სკოლისა და #4 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.