გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 2019 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 207 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში – 68, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში – 46-46, შიდა ქართლში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 19, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 11, გურიაში კი – 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 882 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 57 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სულ, საქართველოს მასშტაბით, ნოემბრის თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.