ქუთაისს ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი ეწვია. პალომბი ქუთაისში
რომიდან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. საოპერო ტენორის თქმით, მან კარგად იცის ქუთაისის ისტორია და ამ ქალაქის შესახებ ბევრი წაუკითხავს.
ცნობილ საოპერო ტენორს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დახვდა.
ანტონელო პალომბი 9 ნოემბერს, 21:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 5 წლის წინ შეიქმნა. ქართველი ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.
ფოტო: იმერეთის მხარე