ქუთაისელი ტაქსის მძღოლი თბილისში კლიენტის ჩაყვანისათვის 200 ლარით დააჯარიმეს.
ხვიჩა მამასახლისი ჯარიმის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ რეგულაცია უსამართლოა, ჯარიმას არ გადაიხდის და მის უფლებებს დაიცავს. რა შემთხვევაში შეძლებენ რეგიონებიდან ტაქსის მძღოლები თბილისში მგზავრის გადაყვანას, საკითხზე კომენტარი თბილისის მერიაში გააკეთეს. თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან ლებანიძის თქმით, იმ მუნიციპალიტეტების ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც თუნდაც ერთჯერადად ჩამოჰყავთ მგზავრი თბილისში, უნდა გააჩნდეთ ლიცენზია.
“თუ სხვა რაიონის ტაქსისტი ემსახურება თბილისში მომავალ ადამიანს, ამ შემთხვევაში მას უნდა გააჩნდეს ლიცენზია ან არ გაუწიოს მომსახურება თბილისში მომავალ მგზავრს და იმოძრაოს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი საბუთი არ არის საჭირო. ლიცენზიის წლიური ღირებულება მსუბუქი ავტომობილისთვის 100, ელექტრო მანქანისთვის 50, ხოლო ჰიბრიდისთვის 0 ლარია. ლიცენზიის აღებისთვის აუცილებელია, ტაქსი იყოს ოთხკარიანი და წელიწადში ორჯერ გაიაროს ტექნიკური დათვალიერება, ორკარიანი ავტომობილები ვერ შესძლებენ ტაქსის ლიცენზიის მიღებას,”- განაცხადეს თბილისის მერიაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე