ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში დასრულდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა. განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს, ხოლო სრული რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება.
ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია “ბილდმორი” ახორციელებს.
ცენტრალურ მოედნის რეაბილიტაციაზე 557 177 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მოედნის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ წინა მერის პირობებში დაიწყო. სამუშაოები შეჩერდა და მეორედ გამოცხადებული ტენდერიც ჩავარდა. მოსახლეობა გაჭიანურებულ სამუშაოებს აპროტესტებდა.
ფოტო: ზესტაფონის მერია