პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ქუთაისში მუნიციპალური განვითარების
ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი შენგელია ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლის დროს, შენგელიამ ყურადღება ქუთაისში დაანონსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ისტორიული უბნის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი, რომელიც სახელმწიფო ინვესტიციით ხორციელდება, მომავალში ბევრ ბიზნესმენს დააინტერესებს.
“ეს პროექტი იქნება სავიზიტო ბარათი ქუთაისისთვის. ეს იქნება უბანი, რომელიც ტურიზმს მოიზიდავს და დიდი საინვესტიციო პოზიციის მატარებელია. ეს იქნება ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება და შემდეგ კერძო სექტორს ჩართავს,”-განაცხადა შენგელიამ.
ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია 2020 წლის I კვარტალში დაიწყება. სავარაუდო ბიუჯეტი 25 მილიონი ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული უბნის, რიონის სანაპიროზე განლაგებული მე-19 საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციასა და
“წითელი ხიდიდან” “ჯაჭვის ხიდამდე”, მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკის მოწყობას.
გიორგი შენგელიამ დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაციის პრეზენტაციაც გააკეთა. მისი განმარტებით, დღესდღეობით მუზეუმში არსებული პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება და აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.
მუზეუმში რეაბილიტაცია 2020 წლის I კვარტალში დაიწყება. სავარაუდო ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული და გამოყენებითი ხელოვნების 3000-მდე ექსპონატი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ პროექტებსაც შეეხო. მისი განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა უბისისა და გელათის მონასტერთან. სამუშაოები მიმდინარეობს მოწამეთას მონასტერთან და კაცხის სვეტთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები და ვანის მუზეუმის მშენებლობა. დასრულდა წყალტუბოს საკურორტო ზონის სრული რეაბილიტაცია, ახლა კი მიმდინარეობს შადრევნის რეაბილიტაცია.