შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა
და ქუთაისში ათამდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა ლ.ჯ.-მ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ორმა პირმა -2000 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ და 2003 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 21 იანვარს ქალაქ ბორჯომში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში ჩადენილი დანაშაულის გარდა, არასრულწლოვანმა მ.ჯ.-მ, თანმხლებ პირებთან ერთად, ქუთაისში 6 სავაჭრო ობიექტი გაქურდა. ისინი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთებს და ფულს იპარავდნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილს ტოვებდნენ,”-ნათქმია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ სამივე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 იანვარს, ქუთაისში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.