ქუთაისში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის ინიციატივით ქუთაისის გენდერულმა საბჭომ ქუთაისის საკრებულოს მიმართა.
როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს, ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფლების ქარტიას, თუმცა მისი დემონტაჟი მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე არ მოხდება.
“ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კიკვიძის ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფლების ქარტიას. ის, რაც ეწინააღმდეგება კანონს, ვფიქრობ, რომ არ უნდა არსებობდეს. მოსახლეობის ჩართულობა ამ საკითხში მნიშვნელოვანია. აუცილებელია კვლევის ჩატარება და მათი პოზიციის მოსმენა. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
რეკომენდაცია ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ განიხილა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე ამბობს, ჩატარდება სოციოლოგიური კვლევა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
“ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დაიქირავოს კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ქალაქის მასშტაბით მოახდენს გამოკითხვას მოქალაქეების. თუ ხალხის სურვილი იქნება ძეგლის აღება და ჩვენ კვლევა ამას გვაჩვენებს, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ამ საკითხზე. თუ საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ რომ ძეგლი უნდა დარჩეს, მაშინ ძეგლს ხელს არ ვახლებთ,”-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
კომისიის სხდომაზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა კომისიის წევრმა დავით წულეისკირმა. მისი განმარტებით, კიკვიძის ძეგლი საქართველოს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს.
“ეს მატერიალური ძეგლი არ უნდა გავანადგუროთ. გამოდის, რომ მომდევნო თაობას ისტორიის რაღაც პერიოდს ამოვუშლით,”-განაცხადა წულეისკირმა.
კიკვიძის ძეგლის აღებას დიდი ხანია ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”.