დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წითელას ეპიდაფეთქების შეჩერებისა და გრიპით ავადობის
გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად კომპლექსური ღონისძიებები გრძელდება. მათივე განმარტებით, წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება.
“მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ. ამ დრომდე ვაქცინაცია 4 300-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება,”-აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, როგორც სამინისტროში ამბობენ, კვლავ ნარჩუნდება გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართული ტაქტიკური ღონისძიებები. უახლოეს დღეებში კი, ქვეყანაში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი შემოვა.