ქუთაისში აქცია-მსვლელობა “დაარეგულირე სიცოცხლისათვის” მოეწყობა.
აქციის მონაწილეები ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერებისა და მარეგულირებელი ნიშნების მოწყობას მოითხოვენ.
“ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ქუთაისიდან 5 კმ-ის მანძილზე), 2019 წლის 14 იანვარს საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც სამი ახალგაზრდა ბაქარ ზივზივაძე, გიორგი ხარატიშვილი და ნიკუშა ჭანტურია ემსხვერპლა. აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა, საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არც ერთი ნიშანი,”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა 16 იანვარს, 12:00 საათზე, ქუთაისის ყინულის მოედნიდან დაიწყება და უბედური შემთხვევის ადგილას დასრულდება.