მდინარე ოღასკურას კალაპოტის მობეტონებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერია განმარტებას აკეთებს.
როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, გატარებული სამუშაოების მთავარი მიზანი მოსახლეობის დატბორვის ტავიდან აცილებაა.
“მდინარე “ოღასკურას” კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას. შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან, მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება, რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე,”-აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს ტბორავდა და მოსახლეობას აზარალებდა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი რათა აღნიშნული პრობლემა ქალაქში საბოლოოდ მოგვარდეს. სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა და გაიზარდა მისი სიმაღლე.