ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, მერაბ მეშველიანი ქუთაისის მერიის მენეჯმენტში ხარვეზების არსებობაზე საუბრობს.
მეშველიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები თავიანთ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებენ.
“როდესაც პიროვნება სამი თვით თანამშრომლად ინიშნება, ის რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. ანალოგიური რამ ხდება ამ პიროვნების უვადოთ დანიშვნის შემდეგ. თუმცა, მერიის მიერ გაცემულ დავალებებს თანამშრომლები არ ასრულებენ. მაგალითად, რეგისტრაცია მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორი ააიპის ხელმძღვანელებს არ გაუვლიათ: ააიპ “მადლიერების სახლისა” და “ბაგა-ბაღებს გაერთიანების”. მერიის თანამშრომლები დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებენ და გვაქვს მენეჯმენტის პრობლემა,”-განაცხადა მეშველიანმა.
მენეჯმენტის პრობლემის არსებობაზე საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” დავით გოგისვანიძეც საუბრობს. გოგისვანიძის თქმით, საკრებულოსა და აღმასრულებელ ორგანოებს შორის სათანადო კომუნიკაცია არ მყარდება.
“არ არის კომუნიკაცია საკრებულოსა და აღმასრულებელს შორის. ბიძინამ აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის შეცდომა იყო ის, რომ მას არ ჰქონდა კომუნიკაცია პარლამენტთან. იმავენაირად, განტევების ვაცი ადგილობრივ ხელისუფლებაშიც მოიძებნება,”-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ყურადღება “ქუთაისის მეოთხე შერეული პოლიკლინიკის” ფუნქციონირებაზეც გაამახვილეს. დეპუტატები განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, პოლიკლინიკის ქონება დაყადაღებულია. აღნიშნულს უარყოფენ უმრავლესობაში.
“პოლიკლინიკაზე არის ყადაღა დადებული. გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს, მიმდინარეობს ყადაღის მოხსნის პროცედურის დასრულება. იყო გარკვეული ვადა და პერიოდი იმისათვის, რომ თავად მერიას ან პოლიკლინიკას ყადაღა მოეხსნა. თუ ყადაღა მართლაც მოხსნილია, რატომ ვერ მოხერხდა პროცედურის დასრულება. იმ შემთხვევაში თუ ეს სიცრუეა, რატომ დაედო პოლიკლინიკას ყადაღა მისი თანამშრომლების გამო. ორივე შემთხვევაში, მენეჯმენტის პრობლემასთან გვაქვს საქმე,”-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ პოლიკლინიკას დავალიანება დაფარული აქვს და ხარვეზების გამო ყადაღის მოხსნა რეესტრში ვერ დაფიქსირდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ყადაღის მოხსნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ითხოვენ.