ქუთაისელი ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძემ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ირაკლი მერკვილაძის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ.
“ჩემი აზრით, თავად სასამართლო ვერ გაერკვია რას ედავება ირაკლი მერკვილაძეს. საქმის განხილვა მოსამართლემ ერთპიროვნულად დაიწყო და ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. ეს არის სისტემური პრობლემა. პაციენტი რეალურად ფილტვების ანთებით, არასათანადო საცხოვრებელ პირობებში ყოფნით გარდაიცვალა და არა საკეისრო კვეთის არასწორად ჩატარებით,”-განაცხადა ირაკლი მერკვილაძის ადვოკატმა ზაზა ხაჟალიამ.
ზაზა ხაჟალიას თქმით, მერკვილაძე საქართველოს პრეზიდენტისაგან შეწყალებას არ მოითხოვს და საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს.
ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა ირაკლი მერკვილაძემ 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუტარა. პაციენტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მერკვილაძეს პაციენტის დედა ალა მატინოვა მისი შვილისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებდა.