ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, სკეიტ-პარკთან
ერთად კლდედრომი მოეწყობა. სამუშაოების შესასრულებლად საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
“სკეიდ-პარკის სპორტული აღჭურვილობის ელემენტების, კვანძების და დეტალების პროექტირება განხორციელდეს მოდელირებისა და ვიზუალიზაციის ავტომატიზებული პროექტირების სისტემის მეშვეობით.
აღჭურვილობის ძირითად მასალად მითითებულ იქნას მაღალმედეგობით გამორჩეული ლამინირებული ფანერა. მისი ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლები უნდა პასუხობდეს ევროპულ სტანდარტს”- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ასევე ევროპულს სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს კლდედრომი. ორივე მათგანი 1000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 8 ათასი ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება.