“ლიტერატურული ტურნე 2018”-ის ფარგლებში,
აწსუ-ში ლიტერატურული საღამო მოეწყო.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები “გახდი ბესტსელერის ავტორის”-ს გამარჯვებულებს: თათული ღვინიანიძეს, შორენა ხუხუას, ია კარგარეთელსა და ელის დოჯსონს შეხვდნენ.
ავტორებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და მათი შექმნის ისტორიაზეც ისაუბრეს.
“ეს არის ჩემი პერსონაჟის აღიარება. სათაურში მინდოდა რაღაც თათულისეული ყოფილიყო. ბავშვობაში, როცა დედა სიცხეს მიზომავდა, მკოცნიდა შუბლზე, თვალებზე, ხელისგულზე. ეს არის უანგარო სიყვარულის გამოხატულება. რაც შეეხება ნაწარმოების ფინალს, მე განიჭებთ სრულ თავისუფლებას. ტექსტი სამი წერტილით მთავრდება და თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ისე, როგორც გსურთ,”-განაცხადა თათული ღვინიანიძემ.
კონკურსი- “გახდი ბესტსელერის ავტორი”, გამომცემლობა “პალიტრა L-ის” ორგანიზებით, პირველად გასულ წელს გაიმართა. 300-მდე ნამუშევრიდან გამოვლინდა 4 გამარჯვებული: თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი. 2 მათგანი ხალხის, 2 კი ჟიურის რჩეული გახდა.