2017 წელს ქუთაისის “აია არენამ” პირველად უმასპინძლა საერთაშორის ტურნირს, რის შემდეგაც გამოჩნდა, რომ ქალაქი მზად იყო
ასეთი დონის მატჩების გასამართად. ამიტომ, 2018 წლის სარაგბო სეზონი ევროპულ ასპარეზზე სწორედ ქუთაისში გაიხსნა და საქართველოს ნაკრებმა 2005 წლის შემდეგ პირველად ითამაშა ქუთაისური პუბლიკის წინაშე.
დღევანდელი მატჩში საქართველო ბელგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, ამ დაპირისპირების უდავო ფავორიტი თამაშამდე რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრები იყო. “აია არენაზე“ შესანიშნავი სარაგბო ამინდი იდგა, რასაც დაერთო 4700 კაციან ტრიბუნაზე სრული ანშლაგი.
მატჩისათვის მილტონ ჰეიგმა შემდეგი 15-ეული გამოარჩია: ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე (კაპიტანი), ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ლომიძე, კოკი თხაილიშვილი, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, რეზი ჯინჭველაშვილი, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელძე, სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე.
აღსანიშნავია, რომ სასტარტო შემადგენლობაში 5 საკმაოდ ახალბედა მორაგბე იდგა, თამაში ოთხმა ქუთაისელმა დაიწყო, ხოლო ნემსაძემ პირველად უკაპიტნა საკუთარ ნაკრებს, თავისსავე მშობლიურ ქალაქში.
თამაში მშვიდად დაიწყო და ბოლომდე ასე გაგრძელდა, ქართველი მორაგბეები შანსს არ აძლევდნენ ბელგიელებს, რაც შედეგზეც აისახა 47:0.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან პირველ ტაიმში ლელოების გატანა ლევან ჩილაჩავამ, შალვა მამუკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ და ბექა წიკლაურმა შეძლეს. ოთხივე გარდასახვა წიკლაურმა ზუსტად შეასრულა.
მეორე ნახევარში “ბორჯღალოსნებმა” კიდევ სამი ლელო გაიტანეს. ლელოები უკანახაზელებმა გიორგი ფრუიძემ, სანდრო თოდუამ და ანზორ სიჭინავამ შეასრულეს, ორი გარდასახვა წიკლაურმა უზრუნველყო
თამაშით, შედეგითა და “აია არენაზე” შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი დარჩა მილტონ ჰეიგი:
“ანგარიშით და თამაშით კმაყოფილი ვარ. ქუთაისში კარგი გარემო იყო და შევძელით თვალწარმტაცი რაგბის თამაში. იყო რაღაც დეტალები, რის გამოსწორებაზეც მომდევნო კვირაში ვიმუშავებთ და მოვემზადებით გერმანიასთან სათამაშოდ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იზრუნა რომ ეს თამაში ქუთაისში გამართულიყო. ასევე ქომაგებს, რომლებმაც ბოლომდე გაავსეს სტადიონი და გულიანად გვიგულშემატკივრეს.
გიორგი ნემსაძე:
“თამაში ისეთი ანგარიშით დასრულდა, არ შეიძლება კმაყოფილები არ ვიყოთ. ვითამაშეთ გაშლილად და ლელოების უმეტესობაც ფრთებიდან დავდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს და ასევე იმ გულშემატკივარს, რომელიც მთელი სულით და გულით გვქომაგობდა მთელი თამაშის განმავლობაში. არ ვაკნინებ ბელგიას, რომ თითქოს მათ ვერაფერი შეძლეს, უბრალოდ ჩვენ მათ ჩვენი თამაშით არ მივეცით არაფრის გაკეთების შესაძლებლობა. შევუზღუდეთ სივრცეები და ფაქტობრივად ხაზი ვერ გაგვიჭრეს”.