“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობის შესახებ კვლევა მოამზადა.
აღნიშნულ კვლევაში ყურადღება იმ დეპუტატებზეა გამახვილებული, რომლებიც სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლელა მოწონელიძის თქმით, 3 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სხდომა გიორგი უკლებამ გააცდინა. უკლება 71 სხდომიდან 50-ს არ ესწრებოდა.
კვლევაში მეორე ადგილი დავით გოგისვანიძემ დაიკავა, რომელიც 43 სხდომას არ დაესწრო. მესამე ადგილზეა ბესიკ ბრეგაძე, მან 31 სხდომა გააცდინა. მეოთხე ადგილის მფლობელი სამსონ გუგავა 29 სხდომის გაცდენით გახდა.
“მიგვაჩნია, რომ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დასწრების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. ამასთანავე, სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზები გამოკვლეული უნდა იყოს,”-განაცხადა მოწონელიძემ.
მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით გამოიკვლია.