“გვინდა სუფთა გარემო” – ქუთაისში აქცია გაიმართა. სოფელ ჭოგნარის მაცხოვრებლებმა მათ სოფელში ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტეს.
ისინი ამბობენ, რომ ნაგავსაყრელი საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, დააბინძურებს წყლებს და გარემოს. “წყაროები და მიწისქვეშა დინებებია. ნაგავსაყრელთან დაახლოებით 100 მეტროში ჩამოდის მდინარე. 500 მეტრიანი ბუფორი არის დაუშვებელი. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ თითქოს ჩვენ ვამბობთ აქ არა და სხვაგან გააკეთონ. ჩვენ ვამბობთ, რომ სადაც არ უნდა გაკეთდეს 500 მეტრიანი ბუფორი არის დაუშვებელი”, – აცხადებს ჭოგნარის მცხოვრები, აქციის მონაწილე ბერდია ცხადაბერიძე.
“ყველა გლეხის სურვილია, რომ სანაგვე არ გაკეთდეს. მდინარე სათავეს იქ ირებს სადაც სანაგვე გაკეთდება. ამას გარდა სოფელში პირუტყვი ჰყავს ხალხს. ქარი იცის და გარემოს დააბინძურებს. მშენებლობის შეჩერება არაფერია. საერთოდ არ უნდა შენდეს. წელს თუ არა გაისად გააკეთებენ”, – აცხადებს აქციის მონაწილე ლია ნოსერიძე.
“მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში” კი ამბობენ, რომ ნაგავსაყრელი მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის. “ტერიტორია შეირჩა. ამაზე მუშაობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ჯერ კიდევ კომპანიის შექმნამდე. ეს არის ისტორიულად დაბინძურებული ადგილი. ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო საბჭოთა დროს სამხედრო ბაზა. ჩვენ ვამზადებთ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს, იქნება საჯარო განხილვა და შეუძლია მოსახლეობას საკუთარი არგუმენტირებული მოსაზრებები წარმოადგინოს. ავუხსნით ყველას, რომ ეს არ იქნება სახიფათო”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას “მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა.
ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს უნდა მოემსახუროს. პროექტის ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს და რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. სავარაუდოდ პროექტი 2019 წლისთვის დასრულდება.