,,ტორპედოს’’ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თანამდებობა დატოვა.

საფეხბურთო კლუბმა დააკმაყოფილა გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ტორპედოს’’ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

,,საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში’’-ნათქვამია საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია ცეცაძის გადადგომას ,,ტორპედოს” გულშემატკივრები და ფეხბურთელები ითხოვდნენ. მათი თქმით, გია ცეცაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ,,ტორპედომ” სამარცხვინო შედეგები აჩვენა. ამასთან დაკავშირებით რადიო ,,ძველ ქალაქს” 29 აპრილს ,,ტორპედოს” გულშემატკივართა ჯგუფის ,,ერთობა” დამფუძნებელი ოთარ სიმსივე დაუკავშირდა, რომელიც აცხადებდა, რომ გუნდში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ,,ტორპედო” მეშვიდე ადგილზეა. მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა გია ცეცაძეს უნდა დაკისრებოდა.

ასევე, 29 აპრილს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო, რომელიც ,,ტორპედოსა” და თბილისის ,,დინამოს” შორის მოხდა, ,,ტორპედო” 10400 ლარით დაჯარიმდა და რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *