ქუთაისის სულიკო თორთლაძის სახელობის საკალათბურთო სპორტსკოლაში ვარჯიშისთვის არასათანადო პირობებია.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა მიხეილ მუმლაძემ 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვისას საკრებულოს წევრებსა და მერს უთხრა, დარბაზში არ არის გათბობა და მათ კითხვით მიმართა, იქნება თუ არა გათვალისწინებული 2022 წლის ბიუჯეტში ამ საკითხის მოწესრიგება?  იოსებ ხახალეიშვილმა კი უპასუხა, რომ სპორტულ სკოლაში ბავშვები არ დადიან.  მიხეილ მუმლაძე კი ამბობს, რომ ქუთაისის მერი ცრუობს და სპორტსკოლა სწორედ აღნიშნული საკითხის წამოჭრის შემდეგ დაკეტეს.

 

,,მერმა იცრუა, როცა თქვა, რომ საკალათბურთო სპორტსკოლაში ვარჯიშის პროცესი არ მიმდინარეობს. სპორტსკოლასთან ახლოს ვცხოვრობ და ვხედავდი, რომ მანდ ბავშვები ხშირად დადიოდნენ და ვარჯიშობდნენ. 25 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მერს სპორტსკოლის თაობაზე ვკითხე და მიპასუხა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში აღსაზრდელები არ დადიან, შენობა დაკეტეს და მოსწავლეებს შიგნით აღარ უშვებენ. Ჩნდება კითხვა: თუ შენობა ავარიული იყო, აქამდე რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები და რატომ არ დახურეს დროულად?,’’-ამბობს მიხეილ მუმლაძე.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ შენობაში ვარჯიშის პროცესი დასკვნის მიღების შემდეგ შეწყდა, თუმცა არ აკონკრეტებენ როდის იქნა დასკვნა მიღებული. მერიის ინფორმაციით, ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი შეხვდა გუნდების მწვრთნელებს და მშობლებს, მიაწოდა მათ შესაბამისი ინფორმაცია და შესთავაზა ალტერნატიული ფართები ვარჯიშისთვის.  ამასთანავე ტურნირში მონაწილე გუნდები ვარჯიშს შეძლებენ ქუთაისის სპორტის სასახლეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *