ქუთაისის “ტორპედო” კვლავ მთავარი მწვრთნელის
გარეშეა. მიხეილ აშვეთიას წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის ადგილი კვლავ ვაკანტურია. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, ქუთაისის “ტორპედოს” დროებით შოთა ბაბუნაშვილი წვრთნის, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრია.
“ჯერ-ჯერობით სიახლე არ გვაქვს. კლუბის ინტერესია, რაც შეიძლება მალე მოიყვანოს მთავარი მწვრთნელი. ამ დროისთვის კონკრეტული ვადა ახალი მწვრთნელის დანიშვნის უცნობია,”-აცხადებენ კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
კლუბში არ ამბობენ, ვინ განიხილება ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად კახა ჩხეტიანი მოიაზრება.
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ პოსტის დატოვების შესახებ 22 აპრილს განაცხადა. აშვეთიამ წასვლის მიზეზად პირადი გადაწყვეტილება დაასახელა და თქვა, რომ გუნდში ბევრი პრობლემებია. აშვეთია მომავალ მთავარ მწვრთნელს მოუწოდებს, ყველა პრობლემაზე ღიად ისაუბროს.
მიხეილ აშვეთია კლუბში 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.