იმერეთის კრივის ფედერაციას ირაკლი გვენეტაძე
უხელმძღვანელებს. გვენეტაძე კრივში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია, ასპარეზობდა პროფესიონალურ რინგზე, ასევე კრივის სკოლაში ერთ–ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. ირაკლი გვენეტაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მას დელეგაციის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
“ჩვენი პრიორიტეტი რეგიონებში არსებული სკოლების განვითარებაა. ამ საქმეში საქართველოს კრივის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გვერდით დგომის იმედი გვაქვს. არის ისეთი ქალაქები (სამტრედია, ვანი, ხონი), სადაც არ არის კრივის ჯგუფები, მაგრამ ფედერაციის ხელშეწყობით დაწყებულია მუშაობა და ამ რაიონებშიც აუცილებლად გაიხსნება კრივის სექციები, რათა ანგარიშგასაწევი და კონკურენტუნარიანი რეგიონი გვყავდეს. ეს კი საშუალებას მოგვცემს მომზადებული კადრები მივაწოდოთ როგორც ეროვნულ, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს,”-განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ.
აღნიშნულ პოსტზე გვენეტაძე 4 წლის ვადით აირჩიეს.